რეკომენდაციები
კვების მრეწველობა – ესაა მრავალპროფილიანი, ეფექტური და საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი სამრეწველო პოტენციალი, რომლის განვითარებაზე ბევრადაა დამოკიდებული ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემებისა და ეროვნულ-ეთნიკურ ურთიერთობათა პრობლემების მოგვარების საკითხიც.
ბოლო წლების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საქართველოში წარმოებული ტრადიციული კვების პროდუქტებიდან არცერთზე არ არსებობს დიდი მოთხოვნილება საზღვარგარეთის ქვეყნებში. როგორც ევროპის, ისე ამერიკის ბაზრები გაჯერებულია სუფრის ღვინოებითა და ხილ – კენკროვანთა წვენებით, სხვა ტრადიციული კვების პროდუქტებით, რის გამოც აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ახალი მიმართულებების გამოკვლევა, ადგილობრივი ნედლეულის რესურსების გამოყენებით კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების მიზნით.
მსოფლიოს წამყვანი, ასევე პოსტსაბჭოურ ქვეყნებში აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების გამოცდილების გაცნობამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის აღორძინება შეუძლებელი იქნება ამ დარგის კლასტერული განვითარების გარეშე, რომლის ყველაზე მისაღებ ფორმას წარმოადგენს ტექნოპარკი.
ტექნოპარკი – ესაა აგროსამრეწველო წარმოების, მეცნიერებისა და განათლების ინტეგრაციის ფორმა, შექმნილი სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში არსებული ინოვაციების კომერციალიზაციის მიზნით.
ბოლო 20 წლის მანძილზე არა მარტო აგროსამრეწველო კომპლექსში, არამედ მთლიანად საქართველოში შეიმჩნევა ინოვაციური აქტიურობის მკვეთრი ვარდნა. უცხოური ტექნოლოგიებისადმი ფართო და თავისუფალი მისაწვდომობა თრგუნავს აგროსამრეწველო კომპლექსში ნაციონალური ინოვაციური პოლიტიკისა და დარგობრივი მეცნიერების განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში ქმნის უცხოური მიღწევებისადმი ტექნოლოგიური დამოკიდებულების წარმოშობის საშიშროებას.
ინოვაციური აგრარული ეკონომიკის ფორმირება ხდება მაშინ, როდესაც აგროსამრეწველო წარმოება ძირითადად ეფუძნება ინოვაციურ ტექნოლოგიებს, მაგრამ ინოვაციების განვითარების ყველა ქვეყნისათვის მისაღები ერთიანი სცენარი არ არსებოს, რის გამოც თითოეული ქვეყანა ეძებს მსგავსი ამოცანების გადაჭრის საკუთარ მიდგომებს.
ტექნოპარკების შექმნისა და საინოვაციო
ფუნქციონირების სპეციალური რეჟიმი
ტექნოპარკების შექმნისა და საინოვაციო ფუნქციონირების სპეციალური რეჟიმის სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძვლები უნდა განისაზღვროს საქართველოს კანონით `ტექნოპარკების საინოვაციო მოღვაწეობის სპეციალური რეჟიმის შესახებ~ (კანონის პროექტი გახილულ იქნა და მოიწონეს საქართველოს ეროვნულ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ტექნოპარკების მიმართ იმოქმედებს საინოვაციო მოღვაწეობის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო მხარდაჭერას ტექნოპარკების, მათი მონაწილეებისა და ერთობლივი საწარმოებისადმი, მათ მიერ პრიორიტეტული მიმართულებების შესატყვისი პროექტების რეალიზაციის საქმეში. ამასთან ერთად, შეღავათები ეძლევა არა კონკრეტულ საწარმოებს, არამედ მხოლოდ საინოვაციო პროექტებს.
ტექნოპარკების რეგისტრაციას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარდგენით. ცნობა ტექნოპარკის რეგისტრაციის შესახებ გაიცემა რეალიზაციისთვის საჭირო ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 წლის ვადისა და ეს წარმოადგენს ტექნოპარკების, მისი მონაწილეების და ერთობლივი საწარმოებისათვის საინოვაციო მოღვაწეობის სპეციალური რეჟიმის შემოტანისა და სპეციალური ანგარიშების გახსნის საფუძველს.
ტექნოპარკების პროექტების რეალიზაციისათვის ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში ტექნოპარკების მოღვაწეობის მხარდაჭერის პროგრამის შესაბამისად გამოყოფს სახსრებს, რომლებიც მიიმართება: ტექნოპარკების პროექტების მთლიანი ან ნაწილობრივი (50%-დე) უპროცენტო დაკრედიტებისათვის (ინფლაციური ინდექსაციის პირობებით); საფინანსო საკრედიტო ორგანიზაციების მიერ ტექნო-პარკების პროექტების დაფინანსებისათვის გაცემული პროექტების, კრედიტების პროცენტების სრულ ან ნაწილობრივ კომპენსაციაზე.
გარდა ამისა, საინოვაციო პროექტების რეალიზაციისათვის ტექნოპარკებს, მათ მონაწილეებსა და ერთობლივ საწარმოებს სახელმ-წიფო სთავაზობს მიზნობრივ სუბ-სიდიებს შემდეგი ფორმებით: პროექტის რეალიზებისთვის საჭირო ტექნიკისა და მარაგნაწილების, ასევე მასალების, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შემოტანის საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება;
ინოვაციური ტექნოლოგიების რეალიზაციით მიღებული მოგების გადასახადის გადარიცხვა ტექნოპარკის სპეციალურ ანგრიშზე, მიზნობრივი გამოყენებისათვის;
უცხოური ინვესტიციები 5 წლით თავისუფლდება შემოტანის საბაჟო გადასახადისა და დღგ-სგან;
3 წლის განმავლობაში მოგება 100% – ით თავისუფლდება გადასახადისაგან და შემდგომ 3 წლის განმავლობაში 50% – ით.
მოზიდული ინვესტიციები გამოიტანება ერთობლივი შემოსავლის ჩამონათვლიდან;
მიწის ნაკვეთის ათვისების პერიოდში პროექტი თავისუფლდება მიწის გადასახადისაგან;
ტექნოპარკის, მონაწილისა და ერთობლივი საწარმოს მიერ პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული უცხოური სავალუტო სახსრები არ ექვემდებარება აუცილებელ გაყიდვას და აღირიცხება სპეციალურ სავალუტო ანგარიშზე.
ინოვაციური საქმიანობის სპეციალური რეჟიმი ტექნოპარკებისათვის შემოდის 5 წლის ვადით და მოქმედებს ტექნოპარკის პროექტების რეალიზაციის შემთხვევაში.